გამოქვეყნებულია: 02/08/2022
10
ბონსაი ( იაპ. 盆栽 სიტყვა სიტყვით ‘’ლანგარზე გაზრდილი’) - ნამდვილი ხის მინიატიურული ასლის გაზრდის ხელოვნებას ნიშნავს. ბონსაის შექმნის ხელოვნება გაჩნდა ჩინეთში და უკავშირდება თან-ის დინასტიის ეპოქას. მას პირველად იხსენებენ კამაკურას პერიოდის (1192 – 1333) წერილობით წყაროებში. მისი გამოსახულება შეიძლება ვნახოთ იმ დროის დახატულ გრაგნილებზე.
XIX საუკუნის ბოლოსთვის იაპონიაში იმატა ამ ხელოვნებით გატაცებამ. 1914 წელს ტოკიოში ჩატარდა ბონსაის პირველი ეროვნული გამოფენა. ოდესღაც, ბონსაით გატაცება მხოლოდ რჩეულთა საქმიანობად ითვლებოდა. დღეისათვის იგი საზოგადოების ფართო მასებშიცაა პოპულარული.
ბონსაის გაზრდა იოლი არ არის. უნდა გამოითვალოს მზის და სინათლის საჭირო ნაკადი, ასევე წყლის რაოდენობა და ხარისხი, შეირჩეს საჭირო სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. იმისთვის, რომ ხემ ფორმა შეინარჩუნოს, ის უნდა გადაიჭრას, გადაირგოს, ცალკეული ტოტები მავთულით უნდა შეიკრას, რათა საბოლოოდ გაიზარდოს პროპორციული, მაგრამ მინიატურული ხე. ბონსაის საშუალო სიმაღლე 30 სანტიმეტრია, მაგრამ ის, მთებში გაზრდილი მაღალი, დატოტვილი ხის ზუსტი ასლია. ინტერიერისთვის განკუთვნილის გარდა არსებობს კლასიკური ბაღის ბონსაიც. მათ უპირველესად იყენებენ ბაღისთვის აღმოსავლური კოლორიტის მისანიჭებლად. ასე მაგალითად, საჭირო ეფექტის მისაღებად, საკმარისია ბაღში განთავსდეს რამდენიმე ბონსაი, კომპოზიცია ქვებისგან და იაპონური სანათები.
ბაღის ბონსაი საჭიროებს საკმაოდ რთულ მოვლას, მორწყვას, დაცვას წვიმისგან და ქარისგან. ყველაზე პოპულარული ბაღის ბონსაებია: მარადმწვანე წიწვოვანი ხეები, რომლებიც საოცრად გამძლენი არიან, იაპონური ნეკერჩხალი და თელა. ბონსაისთვის ძალიან საინტერესო კულტურებს წარმოადგენენ: გარგარი, ატამი, ალუბალი, კომში, ვაშლი.
ბონსაის სტილები
1. Chokkan - ფორმალური, სწორი სტილი, ხის ღერო ფორმას ინარჩუნებს და ფესვებთან სქელდება.

2. Moyogi - ეს არაფორმალურ სტილში გაზრდილი ხე არის, რომელსაც ღერო ან ტოტები დახრილი აქვს.

3. Sokan - ამ ხის განსხვავებულ კომპოზიციას ორმაგი ღერო ქმნის .ეს ხე ტრადიციების სიძლიერის განსახიერებაა.

4. Kengai - ანუ კასკადი. ეს სტილი წყალთან ან მთაში ხეების ზრდის იმიტაციას ახდენს.

5. Han-Kengai - ნახევრად კასკადი. ამ შემთხვევაში ხის კენწერო ნიადაგის დონეზე რჩება.

6. Youse-Ue - ამ ხეების ჯგუფი - სტილი, რომელშიც ზრდიან ორს ან ორზე მეტ ხეს ერთ კომპოზიციაში. ეს არის ტყის ლანდშაფტის ერთგვარი იმიტაცია, რომელიც იქმნება სხვადასხვა ასაკის, სიმაღლის ხეების დახმარებით. ხეების რიცხვი კენტი უნდა იყოს და არასდროს უტოლდება ოთხს. ( სიტყვა ‘’სი’’ ანუ ‘’ოთხი’’ იაპონურად ‘’სიკვდილის’’ თანამჟღერია ).
ოთახის და ბაღის ბონსაებს შორის მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ოთახის ბონსაი ძირითადად იქმნება ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეებისგან. მათ შორისაა ყველასთვის ცნობილი ბენჟამენის ფიკუსი, გარდენია, ბუგენვილია, აკაცია, ბროწეული და სხვა.
ბონსაის აქტიურად იყენებენ ინტერიერის დიზაინში. მათი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ კრეატიული ატმოსფერო ტრადიციულ და არც ისე ორიგინალურ ინტერიერშიც კი. ბონსაი არის დახვეწილი მცენარე, რომელიც უკავშირდება აღმოსავლურ სიბრძნეს, ფარულ მნიშვნელობებს, საიდუმლოებებსაც კი. ზოგი, მათ საოცრებათა ხეებსაც კი უწოდებს. ფერების და ფორმების მინიმუმი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამ მინი შედევრების სილამაზეს და ელეგანტურობას.
ინტერიერის შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანია დეტალების გათვალისწინება: მაგალითად ეს უმშვენიერესი ხე კარგავს ეფექტურობას ლურჯ ან მუქ ლურჯ ფონზე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბoნსაის არ უხდება მუქი ფერი. ნებისმიერ შემთხვევაში ბoნსაი უნდა შეერწყას ინტერიერს, ან გააზავოს იგი, შესძინოს მას განსაკუთრებულობა, უნიკალურობა. ოთახს, რომელიც გადატვირთულია ავეჯით არ მოუხდება პატარა ზომის ბონსაი. რაც შეეხება ქოთანს, ის უნდა იყოს მონოქრომული, რათა არ მიიპყროს ბონსაისთვის განკუთვნილი ყურადღება. უმეტეს შემთხვევაში შეირჩევა ბრტყელი ქვის ან კერამიკის ქოთანი. ევროპელ დიზაინერებს მიაჩნიათ, რომ ქოთნის ფუნქცია არის არა მხოლოდ მცენარესთან ჰარმონიული სინთეზის შექმნა, არამედ მისი სილამაზისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. ქოთანი არ იყოს მტრევადი და მას აუცილებლად სადრენაჟო ხვრელები უნდა ჰქონდეს, რათა ხის ფესვების სისტემა სწორად განვითარდეს. ასევე ამ ხვრელების საშუალებით ქოთნიდან გამოდის ზედმეტი წყალი.
ბონსაის კარგი განათება ესაჭიროება. საჭიროა ბევრი რამის გათვალისწინება:
1. რაფის, კედლების და ფარდების ფერი;
2. სხვა მცენარეების ადგილმდებარეობა;
3. მზის სხივების დაცემის კუთხე;
4. ინტერვალი ფანჯრიდან.
ძირითადად ინტერიერში გამოიყენება ბონსაის სუბტროპიკული სახეობა (როზმარინი, ზეთისხილი, მირტი, ბროწეული), რომელთა შენახვა ზამთარში 5-დან 15 გრადუსამდეა დასაშვები, ხოლო ზაფხულში ყველაზე კარგი გამოსავალი აივანია, რაც შეეხება ტროპიკულ სახეობებს, ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 18-დან 25 გრადუსამდე. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ტროპიკული ხე ქვის რაფაზე თუ არ არის ჩართული. გვახსოვდეს რომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მეტი სინათლე, წყალი და სასუქი სჭირდება ხეს.
ბონსაი ძვირი სიამოვნებაა. ის არა მარტო სიამოვნების საგანია, არამედ გარკვეულ წილად კაპიტალდაბანდებაცაა. თუ მოგბეზრდათ ბანალურობა და ყოველდღიურობა, ბონსაი იდეალური გამოსავალია. ეს ხე თქვენი სახლის ინტერიერს ორიგინალურობას და იმ ნოვაციას შესძენს, რომელიც ასე გჭირდებოდათ.
მოწონება
მოწონებულია
0