გამოქვეყნებულია: 12/12/2022
10
იკიგაი — ალბათ გეცნო ეს სიტყვა, უძველეს იაპონურ იდეოლოგია, რომელიც უკვე დიდი ხანია, იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება, გასცდა მის სამშობლოს და მთელი მსოფლიო მოიცვა. იკიგაი ესაა ყველაფერი რაც ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იკიგაი არის ის რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.
საინტერესოა რომ იკიგაი ინტერიერის დიზაინშიც არსებობს და ის 6 კონცეფციისგან შედგება:
1. ნეიტრალურობა
სიმშვიდის განცდის გამოწვევისთვის ბუნებრივი ფერების ნეიტრალური პალიტრა, შესანიშნავი არჩევანია. მაქსიმალურად ბევრი ბუნებრივი მასალა არის ის, რაც მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ასევე სუფთა, მინიმალური ხაზები, მარტივი სილუეტები ახლოსაა იკიგაის კონცეფციასთან, უმეტესად თეთრისა და კრემისფრის გამოყენებით სუფთა სასიამოვნო აურა და თანაბარი მშვიდი ენერგეტიკული ნაკადი იქმნება. ხშირად დიზაინერები შთაგონებას იაპონური ვაბი-საბი კონცეფციიდან იღებენ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სამყაროს წარმავალი, არასრულყოფილი და ცვალებადი ბუნების მიღების სიხარულზე. ეს კონცეფცია ხშირად გვიბიძგებს დიზაინერებს, რომ ბუნებრივი მასალები გამოვიყენოთ, მასალების ნედლეულობა არ უკარგავს მათ მიმზიდველობას და გარემოს სილამაზეს არ უკარგავს.

2. მშვიდი სამუშაო გარემო
რადგან იკიგაი ყურადღებას ამახვილებს მიზანსა და პროდუქტიულობაზე სამუშაო სივრცეში სწორედ ამ დეტალებზე უნდა გაკეთდეს აქცენტები. მყუდრო, მინიმალისტური გარემო, რომელიც პროდუქტიულ აზროვნებას უწყობს ხელს და ადამიანს ეხმარება საქმის კეთებით ბედნიერება და სიამოვნება მიიღოს არის ის მთავარი რამ, რასაც ამ იაპონურ ფილოსოფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

3. მინიმალიზმი
იკიგაის დიზაინის კონცეფციაში ნივთების მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტა უმთავრესია. ფერები, ქსოვილები, ტექსტურები მაქსიმალურად სადად გამოიყურება. აქსესუარი, ავეჯი, მოწყობილობები თუ განათებები ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე, რადგან ამ ფილოსოფიაში ნაკლები მეტის ტოლფასია.

4. ტექნოლოგიებისგან გათავისუფლება
სამყაროში, სადაც ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება შეუძლებელი გახდა იაპონელები ეყრდნობიან ტექნოლოგიებისგან თავისუფალი სივრცის შექმნის იდეას, რათა გზა გაუხსნან მაქსიმალურ ბედნიერებას, რადგან ფიქროებნ რომ ასე კრეატიულობა და მიზანსწრაფულობა უფრო დიდი დოზით გროვდება ადამიანში. მათი აზრით ეკრანი და ციფრული სამყარო გონებასა და სხეულში დიდ არეულობას იწვევს. ტექნიკა ფანტავს ყურადღებას და ხელს უშლის ადამიანს კონცენტრირდეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე.

5. ოჯახის მჭიდრო კავშირი
იაპონური კულტურის თანახმად ოჯახის კავშირის და ტრადიციის დაცვა მნიშვნელოვანია, ეს მოიცავს როგორც დღესასწაულებზე, ისე უბრალო სადილსა თუ ვახშამზე შეკრებას.
იკიგაის კონცეფციის თანახმად მნიშვნელოვანია სახლში ისეთი ზონის შექმნა სადაც ოჯახის წევრებს დროის ერთად გატარების შესაძლებლობა ექმნებათ.

6. ბუნებასთან კავშირი
რადგან ბუნებას და გამწვანებას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია, საცხოვრებელ სახლში რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლის და მცენარის შემოტანაა პრიორიტეტული, რომელიც არამარტო დეკორის ნაწილია არამედ ჰაერსაც ასუფთავებს.

იკიგაის კონცეფციის თანახმად წარმატების ნაცვლად ადამიანებმა უნდა ეძებონ საოცრება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ კონცეფციის დაცვა დაგეხმარებათ შექმნათ სახლი სადაც არის კომფორტი, სტუმართმოყვარეობა და ოჯახის ერთიანობის განცდა. მთავარი ადამიანში კმაყოფილების შეგრძნების გაჩენაა, რაც მის შინაგან რწმენაზეა დამოკიდებული.
მოწონება
მოწონებულია
0