გამოქვეყნებულია: 15/02/2022
11
მწვანე არქიტექტურა, რომელიც ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის
ფსიქოლოგების დასკვნა რომ ადამიანის სულიერ კომფორტს მისი გარემო განსაზღვრავს, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. თანამედროვე ქალაქი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, გადატვირთული ქუჩები და მანქანები ხშირ შემთხვევაში სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება. ადამიანები მიხვდენენ რომ ასეთი გარემოს ჰარმონიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და „ბეტონის ჯუნგლებს“ მცენარეები და ბუნება დაუპირისპირეს. მწვანე არქიტექტურის დახმარებით თანამედროვე, ქალაქელმა ადამიანმა გამონაბოლქვით და მტვერით სავსე ქალაქში ბუნებასთან ურთიერთობა შეძლო.

მწვანე არქიტექტურის მსოფლიოში არსებული საუკეთესო მაგალითი იტალიაში, კერძოდ კი მილანში მდებარე „ვერტიკალური ტყეა“, რომლის დიზაინი „ბოერი“ სტუდიოს ეკუთვნის. ესაა ორი სხვადასხვა სიმაღლის (110 მ და 76 მ) საცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომლის აივნებზეც 900 ხე არის განთავსებული. ჯამში კი დაახლოებით 20 000-მდე მცენარეა. უკეთ აღსაქმელად ამ ორ შენობაში არსებული მცენარეები სიბრტყეზე რომ წარმოვიდგინოთ, დაახოლებით 7 000 კვადრატული მეტრის გამწვანების ტოლია. მშენებლობაში მწვანე დიზაინის ტექნიკა და ყველა აუცილებელი გარემო ფაქტორია გათვალისწინებული. შენების დროს სპეციალური მასალა და დამუშავების სტილია გამოყენებული. მსგავსი პროექტები იმითაა მნიშვნელოვანი რომ ტყის მასივის აღდგენას ემსახურება.

მწვანე არქიტექტურის მეორე, არანაკლებ ეფექტური მაგალითი პოლონური მეცნიერებათა ფონდის შტაბ-ბინის „ცოცხალი“ ფასადია. ვერტიკალური გამწვანების იდეა, არამარტო ვიზუალურადაა მომხიბვლელი, არამედ ტემპერატურას არეგულებს და ხმაურის დონეს ამცირებს. „ცოცხალი“ ფასადი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს და ქარსაცავის ფუნქციაც აქვს, რაც გრძელ და მკაცრ ზამთარში დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

გაეროს ინფორმაციით 2050 წელს მსოფლიოს მოსახლოების რიცხვი 10 მილიარდს მიაღწევს, რომლის 80% ქალაქში იცხოვრებს. ეს რა თქმა უნდა საცხოვრებელი და საოფისე შენობების, სავაჭრო ცენტრების სიმრავლეს გამოიწვევს, ეს კი ეკოლოგიის მხრივ ოპტიმიზმის საფუძლველს არ გვაძლევს. იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმებში ასახულ აპოკალიფსისს არ დაემსგავსოს, არქიტექტურაში „მწვანე ძალის“ გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ და საიმედო ხერხად რჩება.
მოწონება
მოწონებულია
1