- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, დიღომი.
- ფართი: 136.51 მ2
- წელი: 2023
- პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი
პროექტის ფილოსოფია - ყველაზე რთული სხვის მიერ ნააზრევ ინტერიერის დიზაინში საკუთარი შტრიხების შეტანაა. სრულად გარემონტებულ ფართში, სადაც უკვე ცხოვრობდა დამკვეთი ოჯახი, მომართვისა და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ დავინახეთ პოტენციალი, რამაც მოგვცა საშუალება სხვა მსგავსი სიტუაციებისგან განსხვავებით დავთანხმებულიყავით პროექტში ჩართვაზე. არსებულ სიტუაციამდე დამკვეთმა დამოუკიდებლად მიიყვანა ფართი და უკვე ავეჯით შევსების დროს ჩვენ აღმოვუჩინეთ მხარდაჭერა. დამკვეთის კმაყოფილებით თუ ვიმსჯელებთ ჩვენი ჩართულობა ცალსახად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ღია ფერის კედლები და თეთრი მარმარილოს იატაკი ქმნიდა სტერილურ გარემოს, სადაც ყველაფერი შესაძლოა ესთეტიკურად და სადად გამოიყურებოდა, თუმცა დიდი სივრციდან გამომდინარე სიმყუდროვის ნაკლებობას განიცდიდა. ავეჯითა და მხოლოდ დეკორატიული ელემენტებით ინტერიერის გაკეთილშობილება არც ისე მარტივი ჩანდა, თუმცა ბუნებრივი მასალების ღვთაებრივი ეფექტის წყალობით ერთად ეს შევძელით.
კაკლის ხის ფაქტურა/ფერი აღმოჩნდა ის მთავარი აქტორი, რომელმაც ინტერიერი დაათბო კონტრასტულად შეავსო სივრცე და ამ პროექტის სახელწოდებაშიც იმოქმედა გადამწყვეტად. დოზირება არის ხოლმე გადამწყვეტი და ამ სიტუაციაში მოგვეცა შესაძლებლობა სხვადასხვა ზონაში ავეჯის წყალობით შეტანილი შტრიხები გვექცია სივრცის ორგანულ ნაწილად. ისე თითქოს თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული და ჩვენ მხოლოდ ვიზუალურად ავსახეთ.
განსაკუთრებული დეტალები – განსაკუთრებულ დეტალად იქცა ტელევიზორის კედელი რომელიც ჩაფიქრებულისგან განსხვავებით სხვა ზონაში გადავიტანეთ. იმისთვის რომ აქამდე ზურგს უკან დარჩენილი ინტერიერი, ბუნებრივი განათება და ხედი ვერანდაზე, დივანთან და ტელევიზორის ზონასთან სინქრონში მოგვექცია.
განსაკუთრებული დეტალია ელექტრო ბუხარი და ელექტრო ბუხრის საკარადეში სასმელების კოლექციისთვის მოწყობილი ვიტრაჟული კარადები. ცეცხლს თუნდაც ხელოვნურს თავისი პოზიტიური ენერგეტიკა შემოაქვს ინტერიერში. კაცობრიობას ხომ თავის გენეტიკურ მახსოვრობაში ცეცხლი მაცოცხლებელ ძალად აქვს ჩაბეჭდილი. ინტერიერში კი სიმყუდროვე და პოზიტიური ეფექტი შემოაქვს.
განსაკუთრებულ შტრიხს წარმოადგენს დივანი, რომლის პროპორციები, შემადგენლობა და სტილისტიკა სპეციალურად ამ ფართის კონტექსტიდან გამომდინარე შევარჩიეთ. დიდ ფართს სწორედ ასეთი მრავალფუნქციური დივანი უხდება, რომელიც თავისი მოცულობითი წონით, კარგად ავსებს სივრცეს და მთავარ ელემენტად არის ქცეული, რომელმაც გარშემო შემოიკრიბა სხვა ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტები.
კიდევ ერთი განსაკუთრებული შტრიხი ჰაეროვანი თაროებია. სივრცის ცენტრში არსებული რკინაბეტონის კოლონა/სვეტი დიდ თავსატეხს ქმნიდა. ერთგვარი გამმიჯნავი იყო და კომპოზიციურად ხელს გვიშლიდა. ამოცანას წარმოადგენდა მისაღებისგან სამზარეულოს გამოყოფაც. ეს ისე უნდა გაგვეკეთებინა რომ ზონები გაგვეცალკევებინა, თუმცა ერთიანი სივრცის აღქმა და მასშტაბი არ დაგვეკარგა. შეიძლება მოსახერხებელი სვლა ვუწოდოთ იმ გადაწყვეტას რაც სივრცის ეფექტურ ნაწილად ვაქციეთ.
გაგეღიმებათ და დიახ ჩვენი შეტანილი ყველა ელემენტი და შტრიხი მნიშვნელოვანია. შეზღუდულ პირობებში თითოეულმა მათგანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მოწონება
მოწონებულია
0