- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, საბურთალო; თბილისი გარდენსი.
- ფართი: 410,51 მ2
- წელი: 2023-2024
- ეტაპი: რემონტის პროცესში
- პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი
- დიზაინის სტილი: მოდერნი, მინიმალიზმი
პროექტის ფილოსოფია - პროექტირება დაიწყო წინასწარი მოლოდინების განსაზღვრით. რადგან სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტს ღელვა და შფოთვა ახლავს ხოლმე ჩვენთვის მთავარი მიზანი როგორც ვიზიტორებისთვის ისე მომუშავე პერსონალისთვის კლინიკური ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სტრესული განწყობის განეიტრალება იყო.
აღნიშნულმა განსაკუთრებული როლი შეასრულა, ფართში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სივრცე ჯერ ორ სართულად გაყოფილიყო, შემდეგ კი არსებული ფართი ზონებად იმდაგვარად გადაგვენაწილებინა, რომ ფუნქციების დელეგირება რაც შეიძლება ეფექტური ყოფილიყო შრომისნაყოფიერებისა და კონფიდენციალურობისთვის. თან ისე რომ ვიზუალური კონტაქტი შთაბეჭდილებების აფეთქებას ქმნიდეს, ხოლო ფერთა პალიტრა და გამოყენებული მასალები ბრენდის იმ ესთეტიკურ თვითმყოფადობას წარმოაჩენდეს, რაც მის პრემიუმ ხაზს შეესაბამება.
მთავარი გამოწვევა აღნიშნულ ობიექტზე მუშაობისას
მთავარი გამოწვევა პროექტით გათვალისწინებული ორი ბინის ნაცვლად სრულფასოვანი სტომატოლოგიური კლინიკის დაპროექტება იყო. სირთულეს ქმნიდა კლინიკური სპეციფიკა და მისი შესაბამისი კომუნიკაციების ქსელი, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ფართი ცათამბჯენის პირველ სართულზე მდებარეობს და არსებული კედლები, მხოლოდ რკინაბეტონის დიაფრაგმებს, მზიდ კონსტრუქციებსა და პილონებს [მასიური, ჩვეულებრივ სწორკუთხოვანი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა თაღი, კამარა] წარმოადგენს.


მეორე გამოწვევა იყო ის რომ კლინიკური ინდუსტრიის პროექტირება რეგულირდება სახელმწიფო დადგენილებებითა და ნორმატიული აქტებით, რომლის გათვალისწინებით ფართის შემადგენელი აუცილებელი ოთახები, კვადრატულობა და სპეციფიკა განსაზღვრულია წინასწარ. მათგან გადახვევა გამოიწვევს ლიცენზირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო პროექტირებისა, რემონტის და შემდეგ ავეჯითა თუ ტექნიკით აღჭურვის უზარმაზარი ინვესტიცია შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.
მესამე გამოწვევა იყო ის რომ როგორც ზევით აღვნიშნეთ, იმისთვის რომ კლინიკამ ლიცენზია მიიღოს, უნდა აკმაყოფილებდეს მისთვის კანონმდებლობით წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლით განსაზღვრული სათავსების [ოთახები] რაოდენობა და შესაბამისი კვადრატულობა იმდენად დიდია, რომ რეალურად „ხურდაში“ მორჩენილ ფართში ხდება ძირითადი სამუშაო კაბინეტების გათვალისწინება. ძირითადად კი ეს ფართი იმდენად ცოტა რჩება, რომ შესაძლოა კლინიკის როგორც ბიზნესის ფუნქციონირების საკითხი ეჭვქვეშ დადგეს. ვინაიდან დარჩენილ ფართში სამანიპულაციო კაბინეტების რაოდენობა, რომლებიც მარტივად რომ ვთქვათ „ფულს წერს“ შესაძლოა ვერ შეინახოს საკუთარი თავი. რაც გულისხმობს ფუნქციონირებისთვის საჭირო პერსონალის ანაზღაურების, კომერციული კომუნალურების, სახარჯი მასალებისა და სხვა ხარჯებს.



რაღა დაგიმალოთ და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მივეჩვიეთ რომ ფართი არასდროს არ არის საკმარისი, 40 კვადრატულის შემთხვევაშიც, 400 კვადრატულის შემთხვევაშიც და 4000 კვადრატულის შემთხვევაშიც. შეიძლება თამამად ითქვას რომ არსებობს მინიმალური ფართის კვადრატულობა, რომლის ქვევითაც კლინიკის გახსნა შეუძლებელია. ამის დასათვლელად კი ისევ კანონმდებლობაში უნდა ჩავიხედოთ, თუმცა ის მაინც ვერ იქნება ზუსტ თანხვედრაში არსებული ფართის კონტექსტთან. კონტექსტი ზოგჯერ ხელს გიწყობს, თუმცა ძირითად შემთხვევაში შემზღუდავია. ფართი კი კარაქი არ არის, რომ დავჭრათ და სურვილისამებრ გადავანაწილოთ.
სწორედ აქედან ირთვება ჩვენი თავს ზევით ძალები, ფართს ვყოფთ ორ სართულად და ვიწყებთ თითოეული კვადრატის გადანაწილებას პირველ ხარისხოვანი, მეორე ხარისხოვანი და მესამე ხარისხოვანი ფუნქციის მქონე ოთახებისთვის. ამ პროცესში კი ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ფანჯრები და ხედი მათგან, სივრცესთან მიახლოების ეფექტი, მასში მოხვედრის პირველადი ეფექტი, ფართებს შორის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია სამუშაოს დასაჩქარებლად და ხარისხის გასაზრდელად, პრივატული ზონების შექმნა როგორც პერსონალისთვის ისე ვიზიტორებისთვის. თან ამ ყველაფერში იმ პოზიტიური ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნა, სადაც ზედმეტი მარკეტინგული აქტივობების გარეშე თავად სივრცე საუბრობს ბრენდზე.



მეოთხე გამოწვევა იყო ბრენდინგი. არსებობს ბრენდის 360 გრადუსით შეხების წერტილებით აღქმა. ყველანაირი შეხება ბრენდთან შეხების წერტილს წარმოადგენს, მათი უმრავლესობა კი თავმოყრილი ფიზიკური შეხების ზონაში, რაც ჩვენ შემთხვევაში ის ექსტერიერი და ინტერიერია, რომელიც ბრენდის თვითმყოფადობის ისტორიაში მთავარი ფაქტორი გახდება. ძირითად შემთხვევაში ამის გააზრება განაპირობებს რომ, მუდმივად ვესწრებით ტრენინგებს ბრენდინგის შესახებ, ვეცნობით სიახლეებს შეიძლება თამამად ითქვას რომ ბრენდის ფიზიკური მდგომარეობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი აქტორები ვართ, ხოლო ამ საკითხის საფუძვლიანი გააზრების გარეშე წარმოუდგენელია პროექტი გამოვიდეს წარმატებული და თანხვედრაში იყოს იმ ფასეულობებთან, თუ შეტყობინებებთან, რომელთან 360 გრადუსით შეხებაშია ყველა. პერსონალიც, ვიზიტორიც, გამვლელიც და უბრალოდ შემთხვევითი პირიც.





მეხუთე გამოწვევა იყო სივრცის ტექნიკური აღჭურვა, კონტექსტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სირთულე შექმნა ფართის თბოაირმომარაგების სისტემებისთვის სივრცეების განსაზღვრამ და უშუალოდ სტომატოლოგიისთვის დამახასიათებელი აგრეგატების დაქსელვამ თუ განთავსების ლოკაციებმა. ტექნოლოგებისა და ინჟინრების ჩათვლით თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს გამოწვევა დაძლეულ იქნა და სისტემა დაიგეგმა კონტექსტთან მაქსიმალურ შესაბამისობაში. ჩვენი ჩართულობით კი ეს ყველაფერი ისე გადანაწილდა მეორე ხარისხოვან და მესამე ხარისხოვან სათავსებში უცხო თვალისთვის მაქსიმალურად შეუმჩნეველი და ინტერიერის დიზაინისთვის არაფატალური იქნება.



განსაკუთრებული დეტალები
განსაკუთრებულ დეტალად შეიძლება ჩაითვალოს შერჩეული ფერთა სინთეზი, რომლამდეც დამკვეთთან აქტიური კომუნიკაციისა და ინტერვიუების შედეგად მივედით. განსაკუთრებულ დეტალს კომუნიკაციაში წარმოადგენდა მათი ბრენდისადმი დამოკიდებულება და მათი თვალით დანახული მომავალი. საქართველო როგორც მსოფლიო ჰაბი და ტურიზმის განვითარების საშუალება დენტალურ ინდუსტრიის მიმართულებით. ცალსახად მათი საქმისადმი მიდგომის ენთუზიაზმი გადამდები იყო მთელი პროექტირების პროცესში, ხოლო მათი გახსნილობა სიახლეებისკენ და მხარდაჭერა გასდევდა მთელი პროექტირების პროცესს. ეს ის უმნიშვნელოვანესი დეტალია რის გარეშეც ამ პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა.
განსაკუთრებულ დეტალს წარმოადგენს ვესტიბიული მიმღებში, რომელიც შემთხვევით არ გამხდარა ჩვენი პროექტირების ნაწილი. ვფიქრობთ სწორედ ეს სივრცეა ამ კლინიკის მთავარი დიზაინერული მარგალიტი. ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილია რომ ობიექტებთან თანაბარმნიშვნელოვანია სივრცე ობიექტებს შორის. ხშირად სივრცე გაცილებით მეტს საუბრობს ვიდრე მხოლოდ ობიექტები. სწორედ ეს სივრცე ორი სართულის სიმაღლზე არის მთავარი ვიზუალური კომუნიკაციის ჰაბი, რომელშიც იჭრება მეორე სართულის აივანი, კაბინეტები და მრავალ სიმბოლურ ელემენტთან თუ დიზაინერულ კომპოზიციასთან იმ განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს სძენს, რომელიც თავისი ყველანაირი გამოვლინებით შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს მნახველს.

განსაკუთრებულ დეტალს წარმოადგენს კიბის უჯრედი თავისი პარადულობითა და რიტმით, დაგვირგვინებული დეკორატიული ბაღით მის ცენტრალურ ზონაში.


განსაკუთრებულ დეტალებში ალბათ უსამართლო იქნებოდა რომ არ ვისაუბროთ ჩვენს მიგნებებს და ხელწერაზე, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ პროექტებში. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ დადგენილებებში, ხაზგასმულია და უდავოა ჰიგიენის მაღალი დონით დაცვისა და ინფექციის გავრცელების ხელშეშლის აუცილებლობა. დღეს უკვე მრავალი დანადგარი თუ ქიმიური საშუალება არსებობს ამ ყველაფრის მოსაგვარებლად, თუმცა უმნიშვნელოვანესია რომ გარემო კიდევ უფრო აძლიერებდეს და ხელს უწყობდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელებასა თუ თანმიმდევრობას. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ოქროს შუალედის დასაცავად და მოლოდინების გასამართლებლად რაც დასაწყისშივე ვახსენეთ, კერამიკული ფილები გამოვიყენეთ ყველა ნეიტრალურ სივრცეში არაკლინიკური და მყუდრო გარემოს წასახალისებლად, ხოლო ყველა სამანიპულაციო კაბინეტში სტერილურობისთვის საუკეთესო იატაკისა და კედლის ვინილები გავითვალისწინეთ. განსაკუთრებულ ნაწილს კი წარმოადგენს კედელზე შეკიდული კარადები ფეხების გარეშე, რომლებისთვისაც წინასწარ გავაძლიერეთ საპროექტო კედლები, რათა კაბინეტების სტერილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ხდებოდეს. პროექტირების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იატაკს სტაციონარულად ჩამაგრებული ელემენტების გარეშე, ხშირად მივმართავთ ჭერზე სამონტაჟო საშუალებებს. მხოლოდ ერთი გარდაუვალი ობიექტი ბორმანქანაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება იატაკზე დააამონტაჟება.
დასრულებული პროექტის 360°-ით გადაღებული ფოტოები იხილეთ ბმულზე: https://www.microscope.ge/mclinic/


მოწონება
მოწონებულია
0